ბათუმში 38-ე, 39-ე, 41-ე, 43-ე, 51-ე საარჩევნო უბნების ხელახალ გადათვლას ხმაური მოჰყვა. უბნები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა. ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წევრები დაუპირისპირდნენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ხოროიშვილი აცხადებს, 38-ე საარჩევნო უბნის ტომარა გახსნილი იყო. მისი თქმით, შესაძლოა, ამ უბანზე „ქართული ოცნება“ გაყალბებას ცდილობდა.
„ტომრები დალუქული უნდა ყოფილიყო, თუმცა გახსნილი დაგვხვდა. გაფუჭებული ბიულეტენები კი ცელოფანში იყო გახვეული, რაც კანონდარღვევაა“, – აცხადებს ირმა ხოროიშვილი.
„ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფაქტი უარყვეს, რაც შემდგომ შელაპარაკებასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. უბნის თავმჯდომარემ „ქართული ოცნებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შენობა დაატოვებინა.
თავის მხრივ, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა, ყველა კონვერტი დალუქული იყო. მისივე თქმით, ოპოზიციას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს.