თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეორე ტურის მოლოდინი არ იყო, შესაძლოა მეტი კომუნიკაცია გვჭირდებოდა

315

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.  თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში მეორე ტურს არ ელოდნენ, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩევლები მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

”ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, გვანდო ქვეყნის მართვის მანდატი. რაც შეეხება აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს, პირველადი შედეგებით, ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, პირველივე ტურებში გაიმარჯვეს ჩვენმა მერობის კანდიდატებმა და უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი საკრებულოში. მეორე ტურები დიდი ალბათობით გაიმართება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტბში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებით აქაც მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას. განვაგრძობთ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.

რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მისიებმა ეს არჩევნები  შეაფასეს როგორც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ  ხელისუფლებამ, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით, კიდევ ერთი არჩევნები წარმატებით ჩაატარა.

მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმელებს. შესაძლოა, ბათუმში მეორე ტურის მოლოდინი არ იყო, ალბათ მეტი კომუნიკაცია გვჭირდებოდა, მეტი ახსნა. დარწმუნებული ვარ ბათუმელები მეორე  ტურში მიიღებენ სწორ და ღირსეულ გადაწყვეტილებას და გავიმარჯვებთ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.