მეორე ტურში ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან – ჩვენ ვირჩევთ, თანამშრომლობას ცვლილებებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტოტალური მოსყიდვისა და დაშინების მიუხედავად, იმაზე მეტმა ადამიანმა უთხრა უარი „ქართულ ოცნებას”, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„თბილისში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციასთან. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავაყენებთ წარსულს მომავალზე წინ. არ დავაყენებთ პირად განცდებს ქვეყნის მომავალზე და ინტერესებზე წინ. არჩევნების პოლიტიკური შეფასება არის ის, რომ მიუხედავად ტოტალური მოსყიდვისა და დაშინებისა, ქართველმა ხალხმა, გაცილებით მეტმა უთხრა უარი „ქართულ ოცნებას” ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. „ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება დაკარგა ყველა დიდ ქალაქში.
„ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურისთვის მზად არის თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად კონსტრუქციულ რეჟიმში. ჩვენ ცვლილებებს ვირჩევთ, თანამშრომლობას ცვლილებებისთვის. მოვუწოდებთ მთელს ოპოზიციას ითანამშრომლონ, ჩვენც კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ ის ცვლილები, რომელიც უკვე დადგა დიდ ქალაქებში, კონკრეტულად საკრებულოებში უმრავლესობის დაკარგვით, უფრო რეალისტური გახდეს, უფრო მეტად გაღრმავდეს ეს ცვლილებები, საბოლოოდ, თვითმმართველობის დონეზე ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლებამ მომავალში ასახოს ქართველი ხალხის ნება და იყოს კოალიციური, პროდასავლური მთავრობა. ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ, „ქართულმა ოქნებამ” დიდ ქალაქებში ვერ გადალახა 40%-იანი ზღვარი. მეორე ტურში ჩვენ ამ გამარჯვებას გავაფორმებთ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნავს ობოლაძე.