ცესკოს თავმჯდომარე: 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს ახლდა გამოწვევები, დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზებიც, თუმცა ის არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების საფუძველი

306

იმ მრავალ სიახლეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევაში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება.

„დღის განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებოდი სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ვიღებდი ინფორმაციას მათი მიგნებების შესახებ და რა თქმა უნდა, ვუზიარებდი დეტალებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციას ჰქონდა მყისიერი რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე. 3200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, წელს პირველად ხმის დათვლის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ, ასევე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება „გუგლ დრაივის“ პლატფორმაზე, რომელიც უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მაგალითად, ჩვენ დღეს უკვე გამოვეხმაურეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის წინასწარ ნაწილობრივ შევსების ფაქტს და საარჩევნო ადმინისტრაციას ამ საკითხზე ექნება შესაბამისი რეაგირება. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ხოლო 124-ე საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს შეადგენს კანონით დადგენილი წესით.

ნებისმიერ დადასტურებულ გადაცდომასა თუ ხარვეზზე, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება რეაგირება საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმა. ყველა შემოსული ოქმი, რომელიც გადმოიგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებიდან, გადმოგზავნისთანავე უზრუნველვყოფთ მათ გასაჯაროებას ჩვენს ვებ-გვერდზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.