ცესკო: დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზებიც, თუმცა, ის არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების საფუძველი

684

ამ მრავალ სიახლეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება.

„მაგალითად, ჩვენ დღეს უკვე გამოვეხმაურეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის წინასწარ ნაწილობრივ შევსების ფაქტს და საარჩევნო ადმინისტრაციის ამ საკითხზე ექნება შესაბამისი რეაგირება.

ყველა შემოსული ოქმი, რომელიც გადმოიგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიებიდან, გადმოგზავნისთანავე უზრუნველვყოფთ მათ გასაჯაროებას ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.