კალაძე: გილოცავთ, არსებული ეგზიტპოლით ყველგან გამარჯვებულია “ქართული ოცნება”

256

„გორბის“ ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გამარჯვებას ზეიმობენ. კახა კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით, ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისის და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის და როგორც ყოველთვის ვამბობდი მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის განვითარებას და ამ ქალაქის აღმშენებლობას.

დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ამ ქვეყანას, ეს არის მშვიდობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამ ყველაფრის შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი თითოეულმა მოქალაქემ. თქვენ იცით, რომ 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, მანამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო ამიტომ, ყოველდღიური ჩართულობა, ყოველდღიური მუშაობა თქვენი, ახალგაზრდების, რომლებიც მინდა, განსაკუთრებით გამოგყოთ და განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმ შრომისთვის, იმ საქმიანობისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ქალაქისთვის.

უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ეგზიტპოლის შედეგებით ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება“, გილოცავთ, მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.