ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, ცესკო-ს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.
„ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“, – განაცხადა იოსელიანმა.