აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.
მისვე თქმით, ყველა დარღვევა დაფიქსირდება და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადაეცემა.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის თქმით „ქართული ოცნება“ არჩევნებს პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგებს.
„არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს იმ აქტიურობისთვის. საარჩევნო პროცესი, ხმის მიცემა გრძელდება და ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ. რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში, ყველა მუნიციპალიტეტში და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის, ჩვენი მხარდამჭერის ხმა.
დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გადაეცემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან წელს, თვითმმართველობის არჩევნებს არაერთი რეპუტაციული, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომავალშიც, დღევანდელი გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას/დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიან განვითარებაში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და აჭარის რეგიონის მცხოვრები მიიღებს აქტიურ მონაწილეობას,“ – აღნიშნა რიჟვაძემ.