„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდის.
როგორც პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი დარღვევა ნაძალადევის რაიონში, 32-ე უბანზე დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო ყუთის ზედამხედველს დემონსტრაციულად, ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი, რაც აგიტაციად შეიძლება ჩაითვალოს.
„საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის, იცით, რომ უკვე გამოცხადდა 10 საათისთვის მოქალაქეების აქტივობა და საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რიცხვები გვაქვს. ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს პლატფორმაზე შეხვიდეთ, სადაც, როგორც აქტივობასთან, ისე ინციდენტთან დაკავშირებით ნახავთ ინფორმაციას. ზოგადი შეფასების სახით მინდა გითხრათ, რომ რასაც ვაკვირდებით არის ერთი ტენდენცია. მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან გამოიკვეთა. ვხედავთ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, როგორ დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეებს უბნებთან, უბნისგან მოცილებით. ორი საკითხია აქ მნიშვნელოვანი. პირველი, იცით, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულია 100-მეტრიანი შეზღუდვის რადიუსი, აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები, ამომრჩევლები, უბრალო მოქალაქეები. არსებობს 100-მეტრიანი რადიუსი და ყველამ, როგორც მოქალაქეებმა, ისე მედიამ უნდა დავიცვათ ეს რადიუსი. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, მედიის წარმომადგენლებს 100 მეტრის მიღმა ნუ შეაწუხებენ მოქალაქეებს. მეორე საკითხი, რაც შეეხება უკვე 100 მეტრის შიგნით და განსაკუთრებით უბნების მიმდებარედ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ აჟიოტაჟს, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გაგებულ იქნას როგორც აგიტაცია, გარკვეული პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ, ამიტომაც, კიდევ ერთხელ, აქაც მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, იყვნენ მაქსიმალურად ნეიტრალური ინფორმაციის გაშუქების დროს, რათა არ იყოს ეს აღქმული, როგორც აგიტაცია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება ჩვენს მონაცემებს და ჩვენი პორტალიდან მონაცემებს, ამ დროისთვის დაფიქსირდა ორი ინციდენტი, ერთი ფოთში და მეორე – ზუგდიდში, ორივე ამოწურულია. ჩვენ ვაფიქსირებთ ძალადობის ან არეულობის ინციდენტებს, როდესაც მეტ-ნაკლებად ხმაური არის ხოლმე. ამჟამად არის მარნეულში ინციდენტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი პროვოკაციულად მიეჭრა ზაურ დარგალს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც მალე ამოიწურება.
რაც შეეხება სხვადასხვა დარღვევას, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 32-ე უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველს დემონსტრაციულად ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი და ედო მაშინ, როდესაც ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას, რაც შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია.
ქობულეთში, მე-6 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ გოხიძე დგას უბანზე დისტანციის დარღვევით. ბათუმში, მე-60 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი უბანთან სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. დაფიქსირებულია როგორც ეს ადამიანი, ისე მანქანა და მანქანის ნომერი. ჩოხატაურში, ხევის 34-ე საარჩევნო უბანში, 30 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ ბერიძე.
წეროვანში, მე-40 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გია ჩიტიშვილი არღვევს 100 მეტრიანი რადიუსის განაწესს. ბათუმში, 64-ე უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სიებით ამომრჩეველს აღრიცხავენ.
ბათუმში, მე-60 უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი სიებით ამომრჩეველს აღრიცხავს. თბილისში, ისანში, 39-ე და 45-ე უბანზე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის დაბრენდილი მანქანებით მოძრაობენ, ჩერდებიან უბანთან, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს როგორც აგიტაცია. გარდა ამისა, ჩვენ შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში ხიდმაღალას 21-ე უბანზე ავთანდილ მანჯგალაძე აცხადებს, რომ მან გამოიტანა ორი ბიულეტენი ჩვენ ვცდილობთ, რომ დავადგინოთ შეეფერება ეს თუ არა სინამდვილეს.
ამის გარდა, ანი წითლიძემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა, რომ კერძო კომპანია ,,ვეგასის’’ წარმომადგენლებს თითქოს და დავალებული აქვთ გარკვეული „კარუსელის“ მომზადება და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, არანაირი კავშირი ამ ადამიანებს და საარჩევნო დღესთან და ჩვენთან არ აქვთ.
ასე რომ ეს არის ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ჩვენ დროდადრო მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.