ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ დღევანდელი არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის შესაძლებლობა, ამომრჩევლებმა საკუთარი ხმა დააფიქსირონ.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ფუნდამენტია.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ მასში ჩართული ვარ, როგორც დამკვირვებელი. სასიამოვნოა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩევლები იჩენენ პასუხისმგებლობას და მოდიან უბნებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ მათი ხმა გაგონილი იყოს. ეს არის საშუალება, თუ როგორ ხდიან მოქალაქეები ანგარიშვალდებულს მათ ლიდერებს, როგორ განსაზღვრავენ პრიორიტეტებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტურია ნამდვილი დემოკრატიისთვის”, – ამბობს დეგნანი.
ელჩის თქმით, ვაშინგტონი, სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი აქტიურად აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ამასთნ, კელი დეგნანის შეფასებით, შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევები.
“ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ვაშინგტონიც ძალიან ყურადღებით აკვირდება, დაინტერესებულია სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი და კონგრესიც. შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაშინებებს, დარღვევებს, შევიწროებას და უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება. გვაქვს ცნობები ადგილობრივი დამკვირვებლების შესახებ, რომლებმაც არც კი იციან, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მუშაობენ ან მათი როლი რა არის. ეს შეშფოთებას იწვევს და შესაძლოა, უკავშირდებოდეს მომზადების ნაკლებობასაც. მონიტორინგს გავაგრძელებთ დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოვუწოდებთ ადამიანებს, გაიკეთონ პირბადე და მოვიდნენ არჩევნებზე”, – ამბობს დეგნანი.