კახა კუკავა: დებატები უნდა ჩატარდეს თბილისის მერობის ყველა კანდიდატის მონაწილეობით

814

დებატები უნდა ჩატარდეს თბილისის მერობის ყველა კანდიდატის მონაწილეობით, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა აცხადებს.

მისივე თქმით, მცდელობა, რომ დებატები შედგეს მხოლოდ ორ კანდიდატს შორის, ეს უპატივცემულობაა არა მხოლოდ კონკურენტების, არამედ მათი ელექტორატის მიმართაც.

„რამდენიმე დღეა თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ავრცელებს განცხადებას, რომ დებატები უნდა გაიმართოს მას და მმართველი პარტიის კანდიდატს შორის.

ვფიქრობთ, დაუსაბუთებელი და გაუგებარია ამგვარი სურვილი, რადგან როგორც ქართული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით, დებატები უნდა გაიმართოს ყველა ძირითადი (კვალიფიციური სუბიექტის) კანდიდატის მონაწილეობით.

მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო თბილისის მერობის კანდიდატების დებატებში ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში, ყველა კონკურენტთან ერთად. რაც შეეხება მცდელობას, რომ დებატები შედგეს მხოლოდ ორ კანდიდატს შორის, ეს უპატივცემულობაა არა მხოლოდ კონკურენტების, არამედ მათი ელექტორატის მიმართაც.

იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ისე კერძო ტელეკომპანიები თბილისის მერობის ყველა კანდიდატს მისცემენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ღია და პარიტეტულ დებატებში“, – აცხადებს კუკავა.

წყარო: ინტერპრესნიუსი