პაპუაშვილმა, კუჭავას მსგავსად, თქვა, თუ რომელ პარტიას მისცა ხმა

259

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ ხმა სიკეთეს, სამართალსა და აღმშენებლობას მისცა. ასევე, მან ღიად დააფიქსირა, რომ არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის სასარგებლოდ გააკეთა.

„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან იმყოფება 400-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი. სწორედ მათი დახმარებითაც არავის მივცემთ სიტუაციის არევის შესაძლებლობას. არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ამ უბანზე ხდება ელექტრონული მთვლელების პილოტირება – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. უბნის დახურვის მომენტშივე გვეცოდინება ამ უბნის შედეგები. ეს არის მომავალი, რომელიც წარმატებული პილოტირების შემთხვევაში აუცილებლად დაინერგება ყველგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, რაც კანონის დარღვევაა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს, პირდაპირ თქვა, ვის მისცა ხმა.