ალეკო ელისაშვილი: ”ქართული ოცნების” შტაბი მედიას აჯაფსანდალს სთავაზობს, ამაზეც თანახმა ვარ, არც ეს არის ჩემთვის დიდი პრობლემა

1000

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის შეთავაზებას, დებატებთან დაკავშირებით, ”აჯაფსანდალს” უწოდებს და მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ის მზად არის ამ ”აჯაფსანდალში” მონაწილეობის მისაღებად.

”ცდილობენ ჩემს შეთავაზებაზე უარი ”გააპრავონ”. ”ქართული ოცნების” შტაბი მედიას სთავაზობს გაურკვეველ ფორმატს, აჯაფსანდალს. ამაზეც თანახმა ვარ. არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა. მინდა მივმართო ტელევიზიებს, რომ ”ქართული ოცნების” შტაბის დირექტივებით ნუ გადაწყვეტთ, როგორი ფორმატი უნდა იყოს. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, როგორი უნდა იყოს დებატები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მან კახა კალაძეს კიდევ ერთხელ შესთავაზა დებატები მხოლოდ მასთან.

”გამოვიდა ”ქართული ოცნების” შტაბი და ამბობს, ტელევიზიები უნდა შეგროვდეს, ამდენი წამყვანი უნდა იყოს და ა.შ. ასე აკეთებს ალბათ კიმ ჩენ ინი ფხენიანში, ჩვენ კი ვცხოვრობთ თბილისში. მე მზად ვარ ნებისმიერ სახელისუფლებო ტელევიზიაშიც მივიდე. მთავარია, ტელევიზიებმა თავად გადაწყვიტონ, როგორი ფორმატი უნდა შესთავაზონ მაყურებელს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

როგორც თალაკვაძემ კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში.

წყარო: ინტერპრესნიუსი