ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.
„რაც შეეხება „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა იოსელიანმა.