“ოცნების” კანდიდატი მარნეულის ინციდენტზე: 30 ადამიანთან ერთად თუ ვიყავი, მე ცხვირი რატომ გამიტყდა და ქველაძეს არაფერი მოუვიდა?

646

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში როვშან ისკანდაროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გუშინ, 30 სექტემბერს, განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ისკანდაროვის განცხადებით, ლაშა ქველაძე მას თავს სოფელ კიროვკაში დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„სოფელში სკოლის კედელზე აკეთებდა წარწერას. მე ადამიანურად გავაჩერე მანქანა და ვუთხარი რომ ნუ გააკეთებდა ამ წარწერას. მერე ლაშამ შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო. მეუბნებოდა ყველას საკადრისი პასუხი გაეცემაო და აი მიშა ბრუნდებაო. მერე თავს დამესხა და ფიზიკურად გამისწორდა. მე ამ დროს ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი, ხოლო ქველაძესთან ერთად კიდევ ორი ადამიანი იყო. ის ადამიანებიც ეუბნებოდნენ ლაშას რომ ნუ ურტყავო, მაგრამ ეს ყურადღებას არ აქცევდა“ – იხსენებს როვშან ისკანდაროვი

30 სექტემბრის მოვლენებს განსხვავებულად იხსენებს ლაშა ქველაძე და განმარტავს, რომ მას ისკანდაროვი თავად დაესხა თავს, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად 30-მდე ადამიანი იყო. ქველაძის ბრალდებას უარყოფს როვშან ისკანდაროვი.

„თუ მე 30 ადამიანთან ერთად ვიყავი, მაშინ რატომ მაქვს მე დაზიანებები და რატომ მაქვს სურათი ცხვირი რომ მაქვს გატეხილი, ხოლო ლაშას არაფერი სჭირს. 30 ადამიანი თუ იყო ჩემთან ერთად მაშინ როგორ მოხდა ასე? 30 კი არა, თუ საჭირო იქნებოდა იქ ათასობით ადამიანი გამოვიდოდა და მთელი სადახლო ფეხზე იქნებოდა, უბრალოდ მე არ მინდოდა დაპირისპირება, ყველას ვთხოვე რომ ხელი არ აექიათ, ყველა გავაჩერე“.

ისკანდაროვის განმარტებით, თავდასხმის ადგილას მოსახლეობა მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ქველაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. ამბობს, რომ ხალხმა ის დასისხლიანებული დაინახა და ამის გამო გააჩერეს მანქანები.

როვშან ისკანდაროვმა ცხვირის მოტეხილობით მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა დღეს, პირველ ოქტომბერს, დატოვა. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, ოპერაციას არჩევნების მეორე დღეს, 3 ოქტომბერს, გაიკეთებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ისკანდაროვის თქმით, მას შემთხვევის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა არ გააჩნია, მაგრამ სამართალდამცველები გამოძიებას ატარებენ, რის შემდეგაც დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს.