მდინარაძე: სააკაშვილი ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა, დასაცინი გახდება – ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება

599

სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება – ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ის გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა, თორემ არჩევნებში აგებდნენ ისე, როგორც არასდროს.

„ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო მუშაობა არ ჩაუტარებიათ და ახლა რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის, ბილეთი დადო, რაღაცებს იტყუება, წლებია იტყუება. ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება – ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თორემ აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ. მეტი ახსნა არ მაქვს ამ ხალხის მოქმედების არც მისი პარტიის ლიდერების და არც თავად ამ პარტიის თავმჯდომარის. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ რამენაირად მუხტი უნდა აწიონ თავის მხარდამჭერებში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, დასაცინი გახდება ეს კაცი. ან მოხვდება ციხეში ამდენი ბაქი-ბუქის შემდეგ, ან ვერ ჩამოვა და კიდევ უფრო დასაცინი გახდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

27 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა. გუშინ, 28 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სააკაშვილთან საუბარი და მისი სიტყვები გაიხსენა — “აქვს ნათქვამი, მირჩევნია ციხეში ვიჯდე, არ მინდა აქ ყოფნაო”.