TI: 1 იანვარიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, მმართველი პარტიის შემომწირველებმა და მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 122.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს

266

წინა სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100,000 ლარი შესწირეს.

ანგარიშის თანახმად, როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ (თითოეული 12 მილიონამდე იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო გარემოს აზიანებს.

„საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები ასეთია:

13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მთლიანობაში 11,905,640 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის დაახლოებით 70% – 8,288,650 ლარი, მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 774,721 ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – საარჩევნო სუბიექტი „გახარია – საქართველოსთვის“ 758,701 ლარით;

სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 83% (9,873,431 ლარი) კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 17% (1,955,996 ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;

13 საარჩევნო სუბიექტიდან საანგარიშო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ რვამ მიიღო ჯამში 9,373,431 ლარის ოდენობით, საიდანაც 7,837,030 ლარი (ყველა შემოწირულების 84%) მმართველ „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 757,811 ლარით მეორე ადგილზე „გახარია – საქართველოსთვის”, ხოლო მესამეზე – 543,182 ლარით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო.

საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები:

13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით სულ 10,926,299 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 70% – 7,600,097 ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 796,369 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო – მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი – „გახარია – საქართველოსთვის“ 703,604 ლარით;

საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 61% რეკლამაზე (6,705,488 ლარი) მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 6%) და შრომის ანაზღაურება (4%);

რეკლამაზე ყველაზე მეტი – 5,299,065 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 13 საარჩევნო სუბიექტის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 79%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (3,837,787 ლარი) დაიხარჯა, რომლის უდიდესი ნაწილიც – 88% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.

პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები:

მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი – 12 სექტემბერი) ჯამში დაახლოებით 122.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 4.5 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 2 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ:

ყოფილ პრემიერმინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო” მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა 12-მა პირმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში 512,000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე. ასეთ დროს გარკვეული ეჭვი ჩნდება, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა. ქართული კანონმდებლობით მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განხორციელება იკრძალება;

სექტემბერში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „გირჩმა” შეიძინა 100,000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილი და მას საარჩევნოდ გაათამაშებს. კერძოდ, აქციის მიზნად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამომრჩევლის აქტივობის წახალისებას ასახელებდა. ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც არჩევნებზე მივა, ამის დასადასტურებლად ფოტოს გადაიღებს და სპეციალური „ჰეშთეგის” გამოყენებით გამოაქვეყნებს, გათამაშების მონაწილე ავტომატურად გახდება, ხოლო გამარჯვებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება. „გირჩს” არც ერთ სამკვირიან დეკლარაციაში ამ ავტომობილის ყიდვის ხარჯი არ აქვს მითითებული, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით, აუცილებელია, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე, და შეისწავლოს ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული იმ ბილბორდების დაფინანსების წყარო, რომლებზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჟურნალისტები არიან გამოსახული და კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს „გირჩის” შესაძლო დაუდეკლარირებელი შემოსავალი და ხარჯი და დადასტურების შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ანგარიში სრულად.