„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100,000 ლარი შესწირეს. როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ (თითოეული 12 მილიონამდე იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო გარემოს აზიანებს.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები
- 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მთლიანობაში 11,905,640 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის დაახლოებით 70% – 8,288,650 ლარი, მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 774,721 ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – საარჩევნო სუბიექტი „გახარია – საქართველოსთვის“ 758,701 ლარით;
- სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 83% (9,873,431 ლარი) კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 17% (1,955,996 ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;
- 13 საარჩევნო სუბიექტიდან საანგარიშო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ რვამ მიიღო ჯამში 9,373,431 ლარის ოდენობით, საიდანაც 7,837,030 ლარი (ყველა შემოწირულების 84%) მმართველ „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 757,811 ლარით მეორე ადგილზე „გახარია – საქართველოსთვის”, ხოლო მესამეზე – 543,182 ლარით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო;
- დამატებით გავაანალიზეთ 13 პარტიის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები, რამაც ჯამში 14,739,750 ლარი შეადგინა: 77% – 11,343,430 ლარი „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „საქართველოსთვის” 1,029,437 ლარით, ხოლო მესამე – „ლელო საქართველოსთვის” 956,556 ლარით;
- საბანკო სესხით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” ისარგებლა, რომელმაც 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით.
საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები
- 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით სულ 10,926,299 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 70% – 7,600,097 ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 796,369 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ლელო – მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი – „გახარია – საქართველოსთვის“ 703,604 ლარით;
- საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 61% რეკლამაზე (6,705,488 ლარი) მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 6%) და შრომის ანაზღაურება (4%);
- რეკლამაზე ყველაზე მეტი – 5,299,065 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 13 საარჩევნო სუბიექტის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 79%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (3,837,787 ლარი) დაიხარჯა, რომლის უდიდესი ნაწილიც – 88% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.
პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები
- მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი – 12 სექტემბერი) ჯამში დაახლოებით 122.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 4.5 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 2 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ:
- ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო” მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა 12-მა პირმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში 512,000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე. ასეთ დროს გარკვეული ეჭვი ჩნდება, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა. ქართული კანონმდებლობით მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განხორციელება იკრძალება;
- სხვა წლების მსგავსად, ასევე, დიდ ყურადღებას იქცევს შპს „არსაკიძე-2000”, კომპანია, რომელმაც 2021 წელს დაახლოებით 4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს „ლილო-მოლთან” – მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დონორები არიან და ისინიც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მსგავსად, მოკლე დროის შუალედში სწირავენ ხოლმე ფულს მმართველ პარტიას. ამ ჯგუფში შემავალმა 15-მა პირმა წელს მმართველ პარტიას ჯამში 670,000 ლარი შესწირა;
- აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″, რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს;
- შპს „არალმა”, 2021 წელს 20.6 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც საუბრობდა;
- კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია”, რომელმაც „ქართულ ოცნებას” 20,000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის, მისი მფლობელის, ყოფილი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ საეჭვო გარემოებებში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, ასევე არაერთხელ უსაუბრია.
- აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს სავარაუდოდ დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის” ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები;
- სექტემბერში საქართველოს რამდენიმე ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, თელავსა და გორში ოპოზიციური პარტიების ლიდერების და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ორი ტელევიზიის წარმომადგენლის საწინააღმდეგო ბილბორდები განთავსდა. ბილბორდების შინაარსი წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველია, მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ და ამისთვის დაიხარჯა თანხა. კანონმდებლობის მიხედვით, პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეულ ფულად ხარჯზე ვრცელდება შემოწირულებებისთვის კანონით დაწესებული რეგულაციები;
- აგვისტოში პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ პარტია საუბნო საარჩევნო კომისიებში მათთვის განკუთვნილ ადგილებს აუქციონის წესით ყიდის. ასეთი ქმედებიდან პარტიის მიერ მიღებული თანხა შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს და დაექვემდებაროს დეკლარირებას. მიუხედავად ამისა, „გირჩის” მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარტიას, საბიუჯეტო შემოსავლის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონია. აგრეთვე, წლის განმავლობაში პარტიას არ უფიქსირდება მიღებული შემოწირულება;
- სექტემბერში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „გირჩმა” შეიძინა 100,000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილი და მას საარჩევნოდ გაათამაშებს. კერძოდ, აქციის მიზნად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამომრჩევლის აქტივობის წახალისებას ასახელებდა. ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც არჩევნებზე მივა, ამის დასადასტურებლად ფოტოს გადაიღებს და სპეციალური „ჰეშთეგის” გამოყენებით გამოაქვეყნებს, გათამაშების მონაწილე ავტომატურად გახდება, ხოლო გამარჯვებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება. „გირჩს” არც ერთ სამკვირიან დეკლარაციაში ამ ავტომობილის ყიდვის ხარჯი არ აქვს მითითებული, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.
რეკომენდაციები
- აუცილებელია, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე, და შეისწავლოს ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული იმ ბილბორდების დაფინანსების წყარო, რომლებზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჟურნალისტები არიან გამოსახული და კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს „გირჩის” შესაძლო დაუდეკლარირებელი შემოსავალი და ხარჯი და დადასტურების შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.