„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ შუალედური ანგარიშის სახით თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოაქვეყნა. კერძოდ, მისი თქმით, ეს ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, რომელთა მიმართებითაც დარღვევები ვლინდება.
“კარგია, რომ ევროპარლამენტარები აქ არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დასავლელი პარტნიორების ყურადღება არის დიდი. ეს მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, ჩვენ მაინც გვყავს დიდი სადამკვირვებლო მისიები და ძალიან კარგია, რომ გვყავს ევროპარლამენტარების მისიაც. იცით, რომ გამოვაქვეყნეთ ორი ანგარიში და მათთან ძირითადად ამაზე ვისაუბრებთ, თუ რა ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები, იყო თუ არა ეფექტური გამოძიება ამ პერიოდში, იყო თუ არა ზეწოლა და მუქარა კონკრეტულ ადამიანებზე და იცით, რომ ამ პრობლემის წინაშე ვიდექით წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვნახეთ, რომ დიდი დისბალანსია, ამ ინფორმაციასაც მივაწვდით”. განაცხადა ეკა გიგაურმა.