ლომჯარია: ქვეყანაში დაძაბული, დაპირისპირებული პოლიტიკური ფონია და ძალიან მაღალია მოქალაქეებს შორის ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების ალბათობა

287

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ძალიან დაძაბული, დაპირისპირებული პოლიტიკური ფონია და ძალიან მაღალია მოქალაქეებს შორის ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების ალბათობა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, პოლიტიკოსებმა დაპირისპირების წამქეზებელი მოწოდებები არ უნდა გააკეთონ.

„ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. არის ძალიან დაძაბული, დაპირისპირებული პოლიტიკური ფონი, ძალიან მაღალია ალბათობა ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების მოქალაქეებს შორის. ამიტომ არავინ, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი ან არ უნდა წააქეზოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. შეკრება, თუ ის არის მშვიდობიანი, მოქალაქეების უფლებაა, თუმცა, კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ყველა პოლიტიკური ძალა, განსახორციელებელი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა იმოქმედებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ბილეთი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილს „100 000 გაბრაზებული ადამიანი დახვდება“.