პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ინიციატივით, გლდანის ნაგავსაყრელზე აქცია-პერფორმანსი გაიმართა – „ნაგავი გვწამლავს“.
როგორც პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის მიზეზი გახდა, გლდანის მოსახლეობის თხოვნა, რომელიც შეწუხებულია გლდანის ნაგავსაყრელიდან წამოსული სუნით.
„ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა თბილისში სასწრაფოდ აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა.
„თბილისი მიაქვს ნაგავს. იმის მაგივრად, რომ 21-ე საუკუნეში დედაქალაქში გვქონდეს თანამედროვე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, ვქმნიდეთ სიმდიდრეს, სამუშაო ადგილებს და დოვლათს, თბილისში ნარჩენი იყრება მიწაში, რომელიც გვწამლავს, წამლავს ფლორას და ფაუნას და რაც, მთავარია, ბავშვებს, ჩვენ მომავალს. ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ვალდებულება ჩვენ ხელისუფლებას აღებული აქვს არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროკავშირის წინაშეც. ამიტომ, მოვითხოვთ, აშენდეს თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა და მოხდეს ინფრასტრუქტურისთვის ხელის შეწყობა, ისე როგორც არის დაპირება“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი თედორაძის განცხადებით, გლდანის ნაგავსაყრელის სუნით შეწუხებული მოსახლეობა და პატიმრები დახმარებას ითხოვენ.
„იმის მაგივრად, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო ამუშავებდეს ნაგავს, იღებდეს დოვლათს, სამშენებლო, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, პლასტიკური ბოთლები თუ სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იყრება თბილისის შემოგარენში. ჩვენი პერფორმანსი ასრულებს გლდანის მოსახლეობის დაკვეთას, რომელიც შეწუხებულია ნაგვის სუნით, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან პატიმრები, რომლებიც სუნთქავენ ამ გამონაბოლქვს და ტოქსიკურ ნივთიერებებს. გლდანის ნაგავსაყრელზე გარედან ჩანს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალები, მაგრამ შიგნით სისტემატურად შედიან მანქანები და იყრება სხვადასხვა ტიპის რადიოაქტიური ნივთიერებები თუ საყოფაცხოვრებო ნივთიერებები, რომლისგან გასათავისუფლებლად დედამიწას სჭირდება საუკუნეები. ამიტომ, საჭიროა, სასწრაფოდ დაიწყოს ქვეყანაში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა“, – აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.