სამხარეო ადმინისტრაცია: დუშეთის სოფელ მჭადიჯვარში საბავშვო ბაღი შენდება

498

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, საერთო სამშენებლო სამუშაოების გარდა, გათვალისწინებულია ელექტროსისტემის, ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ლეილა მიღდისელთან და საბავშვო ბაღის დირექტორ ცარიკო კბილცეცხლაშვილთან ერთად მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მჭადიჯვრის საბავშვო ბაღი, რომელიც 50-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და ამასთან, ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

ცნობისათვის, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 600 000 ლარს აღემატება. სამუშაოებს კი შპს ,,მეტალ+“ აწარმოებს.