კალაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს: თქვენზე დიდი რადიკალები ამ ქვეყანაში არ არსებობენ, შეურაცხმყოფელია ის გადაცემები, რომლებიც მეძღვნება მე, ჩემს ოჯახს, ამაზე დიდი სიბინძურე რა გინდათ

280

თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც „მედიის დისკრედიტაციასა და ზოგადად შავ კამპანიასთან დაკავშირებით“ დაუსვა კითხვა.

კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია „მთავარი არხის“ ეთერში ის გადაცემები, რომლებიც მას და მის ოჯახს ეძღვნება.

„თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე. რა გინდათ იმაზე დიდი დისკრედიტაცია, ნახეთ, სად მუშაობთ. შეგიძლიათ, ნახოთ თქვენი სატელევიზიო ეთერები, ნახოთ სიძულვილის ენა, ეს არის ბოროტება, რაც კი შეიძლება, მოიგონოს ადამიანმა, ცილისწამება, ფაქტებს გეუბნებით. ნახეთ ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეთერები, კონკრეტული გადაცემები, რომლებიც ეძღვნება კახა კალაძეს, ეძღვნება ჩემს ოჯახს, ამაზე დიდი სიბინძურე რა გინდათ. ამას ხელს აწერთ და მეუბნებით პატიოსნებაზე, არ გრცხვენიათ?“, – მიმართა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მთავარი არხის ეთერში, გადაცემა “მთავარი აქცენტების” სპეცეთერში, ცნობილი ექიმის, მანანა მოდებაძის ოჯახი ჰყვება, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა.

მანანა მოდებაძის შვილი, დათო ორდენიძე იხსენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო. 2008-დან 2012 წლამდე რუსთავის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი 2013 წელს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა, რომლის უფროსადაც 2014 წელს იოსებ გოგაშვილი დაინიშნა. ჰყვება, რომ სწორედ გოგაშვილის ბრძანებით ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს როგორც ამ, ისე მომავალი სამსახურებიდანაც, მათ შორის სამხედრო და ფინანსური პოლიციიდან. რის შემდეგაც მათ გოგაშვილთან შეხვედრა განიზრახეს. ამის შემდეგ კი საქმეში კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე გამოჩნდა, რასაც ივანიშვილის ძმების გამოჩენაც მოჰყვა.