თამარ გაბუნია: ოჯახის ექიმები აქტიური იმუნიზაციის მიზნით სოფლებში მუშაობას, სავარაუდოდ, 1 ოქტომბრიდან დაიწყებენ

599

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმები აქტიური იმუნიზაციის მიზნით სოფლებში მუშაობას, სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრიდან დაიწყებენ.

ამასთან, მისი თქმით, სოფლებში, სადაც 3 000-ზე მეტი მოსახლეა, გასვლითი სამუშაოები მეტად აქტიურად ჩატარდება.

„ვფიქრობთ, რომ პირველი ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ სქემის ამოქმედება. 1-დან 15 ოქტომბრამდე, ეს იქნება ყველაზე გვიან 15 ოქტომბერი, როდესაც ოჯახის ექიმებს უკვე საშუალება ექნებათ დაიწყონ ოპერირება.

მთავრობის დადგენილებით, სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მუნიციპალურ კლინიკებს. მუნიციპალური კლინიკები ეს არის ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც უწევენ სოფლის მოსახლეობას დამატებით სპეციალიზებულ სერვისს ამბულატორიულ დონეზე. ამდენად, მათ აქვთ ზუსტი სია სოფლების, სად უნდა იმუშაონ, როგორ უნდა იმუშაონ. მათ აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ აწარმოონ აქტიური ვაქცინაცია. აქამდე რაც ჩატარდა იყო სოფლის მოსახლეობის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალურ ცენტრში მოსულიყვნენ ვაქცინაციაზე. ასევე არის გასვლითი მობილური ბრიგადები, მაგრამ გასვლით მობილურ ბრიგადას სჭირდება დიდი რესურსი და სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ 3 000-ზე მეტი მოსახლე სადაც არის სოფელში, მეტად აქტიურად გასვლითი სამუშაოები ჩატარდეს, რათა ოჯახის ექიმსაც ჰქონდეს მეტი რესურსი, რომ თბილისიდან, რაიონული ცენტრებიდან ჩასული ბრიგადებით უფრო აქტიურად აწარმოოს მოსახლეობის მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ექიმების 75% ვაქცინირებულია და ექიმებში აცრის მოტივაცია იზრდება, თუმცა საყურადღებოა დარჩენილი 25%.

„ექიმების ვაქცინაციის მაჩვენებელი არის 75%-ზე მეტი, უფრო დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი ექთნებსა და სანიტრებს შორის. ოჯახის ექიმების მოტივაცია და ინტერესი, რომ თავად გაიკეთონ ვაქცინა და ასევე მოუწოდონ სოფლის მოსახლეობას და მათთან რეგისტრირებულ სხვა ბენეფიციარებს აიცრა, იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ საყურადღებოა ის 25% ექიმების, რომელიც თავადაც არ არის აცრილი რაღაც მიზეზის გამო და ბუნებრივია, იმის მოლოდინი, რომ აქტიური პრომოცია მათ შეუძლიათ თავიანთ მოსახლეობასთან გასწიონ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შეკითხვები გვაქვს და ამაზეც იქნება დამატებითი ზედამხედველობა ვაქცინაციის შეუფერხებლად ჩატარებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.