დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის და რეგიონში მყოფ ექიმებს იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართვისთვის დამატებითი ანაზღაურება ექნებათ.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ.
მისივე თქმით, „იმის მაგივრად, რომ ხალხი მათთან მივიდეს ასაცრელად, ამცრელები უნდა მივიდნენ ხალხთან“.
,,ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, მოხდება წახალისება პირველადი ჯანდაცვის ექიმების და სოფლის ექიმების, რომ მათ დამატებით ანაზღაურება მიეცეთ. ასეთივე წამახალისებელი ღონისძიება გვაქვს C ჰეპატიტის პროგრამაზე, ექიმებს დამატებით ვუხდით თანხას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე. გარდა იმისა, რასაც დღეს ისინი იღებენ თითოეულ აცრაზე, დამატებით იქნება მოტივაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. სოფლის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა. იმის მაგივრად, რომ ხალხი ჩვენთან მოვიდეს ასაცრელად, ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.