რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა აშენდება

303

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა აშენდება.

საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციაზე, ადგილობრივ მოსახლეობას და სპორტსმენებს, განსახორციელებელი პროექტის შესახებ ინფორმაცია, კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიაწოდეს.

იოსებ ტყემალაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, დეტალურად ისაუბრეს სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით, ჯამში 100 სარაგბო სტადიონი და ბაზა აშენდება.

“რუსთავში რაგბი საკმაოდ პოპულარულია, ქალაქს ჰყავს თავისი ლეგენდები, რომლებიც მსოფლიოს დიდ არენებზე თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ. ისინი სწორედ ამ მოედანზე გაიზარდნენ და რუსთავში რაგბის საწყისი აქედან დაიწყო, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს აქ ჩამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალი სარაგბო ბაზის პროექტირების ფაზას. ძველი სტადიონის ადგილზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი აშენდება, რომელიც ვფიქრობ, რომ ვფიქრობ, რომ 2-3 მილიონ ლარზე მეტი არ დაჯდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში რუსთავში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ბავშვი დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით.

,,მინდა მივულოცო რუსთავს, ამ დასახლების მცხოვრებლებს და ბავშვებს, აქ გრანდიოზული პროექტი განხორციელდება, აშენდება რაგბის ბაზა, საკმაოდ გამართული ინფრასტრუქტურით. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი რაგბის კავშირის, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი აქვს, რომ განახორციელოს დაახლოებით 100 სტადიონის მშენებლობა და ეს ერთ-ერთია. იცით, რომ ,,ქართუ ფონდმა“ საკმაოდ დიდი ინვესტიცია გაიღო რაგბისთვის და ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, დახლოებით 200 მილიონამდეა დახარჯული და ბევრი რაგბის ბაზა მივიღეთ. ეს პროცესი გრძელდება და სასიხარულოა, რომ რუსთავში გაკეთდება ახალი სარაგბო ბაზა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, რუსთავში ბოლო წლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და განახლების მიზნით რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება.

,,ჩვენს ქალაქს, რაგბში ძალიან დიდი ტრადიციები აქვს, ფონდი ,,ქართუს“ დახმარებით უკვე გვაქვს რაგბის სპორტკომპლექსი, ამასთანევ შენდება ახალი სპორტის სასახლე, წლის ბოლოს დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს ჭყონდიდელის დასახლებაში სარაგბო ბაზის მშენებლობა დაიწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფეხბურთის სტადიონის განახლების კონცეფციაზე. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელში ჩვენ მივიღებთ შედეგს და რუსთავი მართლა იქნება ჩემპიონების ქალაქი“, – განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.