„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას აფასებს

1005

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას აფასებს ანგარიშში, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

დადებითი ტენდენციები

თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოში:

  • ჩატარდა საკრებულოს 200 სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა საკრებულოს არცერთი სხდომა;
  • მიღებულია 419 დადგენილება და 1 570 განკარგულება;
  • დამტკიცდა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: გენდერული, გარემოსდაცვითი და მარკეტინგის სტრატეგიები;
  • დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;
  • საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები, უმეტეს შემთხვევებში, საკრებულოს მოთხოვნით ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ოპოზიციის მიწვევით ისინი არ ცხადდებოდნენ სხდომებზე.

პრობლემური ტენდენციები

საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირები

  • საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან;
  • პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს.
  • წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს  5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება – მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.
  • არასრულად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირის წილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძე (ქართული ოცნება-მრეწველები), ლევან დარახველიძე (ქართული ოცნება – მრეწველები).
  • კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა (დირექტორი) საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები), ლევან დარახველიძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები) ლია ჯახველაძე (ფრაქცია თბილისელები).

მუნიციპალური ქონების გადაცემა

  • საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე;
  • საანაგარიშო პერიოდში საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ თბილისის მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183,414.00 კვ.მ. მიწის ფართობის გადაცემაზე. საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში არის ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას:
  • უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცა – 28 შემთხვევაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი

  • საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება (მათ შორის, კონტროლის მიზნით ანგარიშვალდებული პირებისათვის გაგზავნილი შეკითხვები). ცალკეული კომპონენტების  (წარდგენილი ინიციატივები; სიტყვით გამოსვლის, სხდომებში მონაწილეობის სტატისტიკა) მიხედვით საკრებულოს წევრთა შეფასება შეუძლებელი გახდა, რადგან საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
  • გაუმჯობესებას საჭიროებს საკრებულოს მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.
  • ოპოზიციის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენის მიზნით დედაქალაქის მერი არ წარსდგა საკრებულოს წინაშე.

მნიშვნელოვანია მომდევნო მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მათ შორის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, იყოს უფრო ღია, გამჭვირვალე და დასაბუთებული, ხოლო საკრებულო მეტად ეფექტურად იყენებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტროლის მექანიზმებს.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ და ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

იხილეთ ანგარიში სრულად