იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა. ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 51.5 კმ-ია.
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოსახვედრად ავტოტრანსპორტმა თბილისიდან უნდა იმოძრაოს ქალაქ საჩხერეს მიმართულებით.
საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი ძველ გზასთან შედარებით 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას.
გზის დიდი ნაწილი ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზა სრულად რეაბილიტირდა და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.
პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.