ხაშურში, „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსა და ექსპრემიერ გახარიას თანაპარტიელს შორის დაპირისპირება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნონა გრიგალაშვილი ,,ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს აკრავდა, როდესაც კონფლიქტი მოუვიდა ამავე სოფლის მკვიდრ ჯონდო კაპანაძესთან. გრიგალაშვილის განცხადებით, კაპანაძემ პლაკატები ჩამოხია, რასაც უთანხმოება მოჰყვა და კაპანაძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მომხდარი ფაქტის შესახებ ,,ქართული ოცნების“ რეგიონული კოორდინატორი აბელ აბესაძე აცხადებს, რომ გახარიას პარტიამ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ,,ეს ფაქტი გაგრძელებაა იმ დესტრუქციის, რასაც ოპოზიცია თითქმის ყოველ დღე მიმართავს, მაგრამ რაღაცებს აქვს საზღვარი. ქალის ცემა არის დაუშვებელი, გახარიას პარტიამ აუცილებლად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ თემაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ დადგეს მოძალადის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციებისგან“, – განაცხადა აბესაძემ.
ჯონდო კაპანაძე, პარტია “გახარია – საქართველოსთვის“ წაღვლის მაჟორიტარობის კანდიდატია, ექსპრემიერის გუნდში გადასვლამდე იგი “ქართული ოცნების“ წევრი იყო. ჯონდო კაპანაძე ფიზიკურ დაპირისპირებას და გრიგალაშვილის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.