“ოცნების” კანდიდატმა სოფელ ძიმითის მოსახლეობას წყლის ავზები უყიდა – ოპოზიცია ტიტე მგელაძის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

705

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას ძიმითი-ნაგომარი-ასკანა-მზიანის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატის, ტიტე მგელაძის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

ოპოზიციის მოთხოვნა სოფელ ძიმითში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, სადაც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას წყლის ავზები გადასცა, მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კი დაადასტურა, რომ ავზები თავად შეიძინა.

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერის, დავით მჟავანაძის თქმით, ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურასაც მიმართავს, რათა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს:

“გვაქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებს. ხვდებიან რა, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, მიდიან არჩევნების მასიურ გაყალბებაზე. წინასაარჩევნო პროცესში ადგილი აქვს ამომრჩევლების მოქრთამვასა და მოსყიდვას, რის გამოც ვითხოვთ ტიტე მგელაძის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნას. ვინაიდან სახეზე გვაქვს არამარტო საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული, პარალელურად განცხადებით, შემდგომი რეაგირებისათვის, მივმართავთ პროკურატურას”, – აღნიშნა დავით მჟავანაძემ.

წყლის ავზები, რომელიც 70-მდე ოჯახს უზრუნველყოფს, სოფელ ძიმითში გუშინ მიიტანეს. ტიტე მგელაძემ თქვა, რომ ამაში ვერანაირ კანონდარღვევას ვერ ხედავს.

“მე ვიყიდე 7 200 ლარად ეს ავზები და მე ვამონტაჟებ წყალს. 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ვაპირებ ამას. ეს ჩემი დანაზოგი სახსრებით გავაკეთე, ვერანაირ კანონდარღვევას ამაში ვერ ვხედავ. ჩემი ვალდებულებაა ვემსახურო ხალხს და რაც შემიძლია ის გავუკეთო, მერე რა რომ არჩევნებია”, – თქვა ტიტე მგელაძემ.