„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ კეკელიძის ქუჩაზე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას განაცხადა.
პარტიის ცნობით, ზურაბ აბაშიძემ შეხვედრაზე ადგილობრივების ყოფითი პრობლემების მოგვარების გზები განიხილა და ის მნიშვნელოვანი პროექტები და ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა, რომლებიც უკანასკნელ წლებში უბნის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის განხორციელდა.
„მიუხედავად კონკრეტული გამოწვევებისა, დღეს საზოგადოების მთავარ მოთხოვნად დედაქალაქში და, ზოგადად, ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა რჩება. „ქართული ოცნების“ გუნდი კი, არის ერთადერთი ძალა, რომელიც სწორედ სტაბილური, თავისუფალი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რაიონის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ის მაქსიმალურად შეეცდება, მოქალაქეების ინიციატივებს მხარი დაუჭიროს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიგა ახვლედიანმა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა ლევან აბაშიძემ და ნიკო კახეთელიძემაც მიიღეს.
მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, ჟვანიას, შანიძისა და ხორავას ქუჩებსაც ესტუმრა, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური შეხვედრები, მთაწმინდის რაიონის მასშტაბით, მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.