დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს

425

დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს.

სოფელ სარკინეთში, პროფესიულ კოლეჯში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმყოფებოდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ტიპის პროფესიული სასწავლებლები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას სოფლის მეურნეობით და აგრარულ სფეროში ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას.

„დმანისის მუნიციპალიტეტში გახსნილი ახალი პროფესიული სასწავლებელი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბიზნესსექტორი, ქართველი ფერმერები, მეწარმეები სწორად ხედავენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გზას, სწორი მიმართულებით აკეთებენ ინვესტირებას. მსგავსი ტიპის სკოლები უზრუნველყოფენ კვალიფიციური კადრების მომზადებას და, შედეგად, ის სტრატეგიული მიზნები, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას დასახული ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მიღწეული იქნება“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ქართული და შვეიცარიული ინვესტიციით აშენდა, მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით კადრების მომზადებას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამა, პროექტის მთავარი პარტნიორის, შვეიცარიული აგრარული სკოლის „პლანტაჰოფი“ მიერ არის შედგენილი და თეორიული და პრაქტიკული სწავლების 3-წლიან კურსს მოიცავს. კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი ყველის თანამედროვე ქარხანა და მეცხოველეობის ფერმა, სადაც, პროფესიონალების ხელმძღვანელობით, სტუდენტები თავადაც ჩაერთვებიან ყოველდღიურ საქმიანობაში და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან და ფერმერთა ასოციაციასთან.

„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღებს. კოლეჯში, რომლის კამპუსიც 30 სტუდენტზეა გათვლილი, ამ ეტაპზე, 10 მოსწავლე ირიცხება.