კარლო კალაძის თაღლითური სქემის ერთ-ერთი მონაწილე ბრალდებებს უარყოფს. ბესო ფიფია კალაძეებისა და ორდენიძეების ოჯახებთან ნაცნობობას ადასტურებს, მაგრამ ამტკიცებს,რომ ნიკა გვარამიას მთავარ აქცენტებში გასული მისი და გარდაცვლილი ნანა მოდებაძის სატელეფონო საუბარი, სადაც ის ფულს ითხოვს, გაყალბებულია. ფიფია ამტკიცებს, რომ ორდენიძეების ოჯახმა “შოუ დადგა” და მათ ამაში ფული აიღეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ფიფია ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს ის პასუხებს დღეს გასცემს.
“თქვენ დაკავებული ხართ გოჭით და ინდაურით, კონკრეტულ კითხვაზე გპასუხობთ. ორდენიძეების ოჯახი რატო იქნა გამოყენებული ამ საქმეში, ვინ გადაუხადა ფული, რომ მერე ეს შოუ დაედგა და მერე გაქცეულიყვნენ ამერიკაში.
მე დღეს ყველა კითხვაზე ვუპასუხებ….კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ როგორც ჟურნალისტს უნდა გრცხვენოდეთ…
კარლო კალაძე არის ღირსეული ქართველი კაცი, არ არის შპიონაჟით დაკავებული ორდენიძეებივით…თანხა არავის არ აუღია და არც გოჭი და არც ქათამი”,- თქვა ბესო ფიფიამ.
ცნობისთვის, მთავარი არხის ეთერში, გადაცემა “მთავარი აქცენტების” სპეცეთერში, ცნობილი ექიმის, მანანა მოდებაძის ოჯახი ჰყვება, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა.
მანანა მოდებაძის შვილი, დათო ორდენიძე იხსენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო. 2008-დან 2012 წლამდე რუსთავის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი 2013 წელს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა, რომლის უფროსადაც 2014 წელს იოსებ გოგაშვილი დაინიშნა. ჰყვება, რომ სწორედ გოგაშვილის ბრძანებით ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს როგორც ამ, ისე მომავალი სამსახურებიდანაც, მათ შორის სამხედრო და ფინანსური პოლიციიდან. რის შემდეგაც მათ გოგაშვილთან შეხვედრა განიზრახეს. ამის შემდეგ კი საქმეში კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე გამოჩნდა, რასაც ივანიშვილის ძმების გამოჩენაც მოჰყვა.