ყველაფერი ერთი ადამიანის და მისი კლანის ინტერესებზეა მორგებული – ნიკა მელია ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიაზე

271

ოპოზიცია ორდენიძეების ოჯახის საქმეზე გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ თბილისის მერის მამის, კარლო კალაძისა და საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ბესო ფიფიას დაკითხვა აუცილებელია, თუმცა, სამართლიანობის აღდგენის იმედი არ აქვთ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ ეს საქმე მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, კახი კალაძის გამო “თაროზე შემოდო”, თუმცა, მისივე თქმით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

“სად არის პროკურატურა?! ყველაფერი მორგებულია ერთი ადამიანისა და მისი კლანის ინტერესებს. დასჭირდებათ?! კი ბატონო, გამოიძიებენ, არ დასჭირდებათ – არ გამოიძიებენ. ეს საქმეც ასე იყო თაროზე შემოდებული წლების განმავლობაში. სანამ ორდენიძეები ამას გაასაჯაროვებდნენ, ისინი ხომ ცდილობდნენ სიმართლე ეპოვათ. როგორც კი პროკურატურამ და პოლიციამ გაიგო, რომ ეს ყველაფერი ეხება კალაძეებს, რა თქმა უნდა, თაროზე შემოდეს და ის თაროზე იდება, ოღონდ ძალიან მცირე ვადით. ცოტა ხანში ეს საქმეები ჩამოვა თაროდან”, – თქვა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, მთავარი არხის ეთერში, გადაცემა “მთავარი აქცენტების” სპეცეთერში, ცნობილი ექიმის, მანანა მოდებაძის ოჯახი ჰყვება, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა.

მანანა მოდებაძის შვილი, დათო ორდენიძე იხსენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო. 2008-დან 2012 წლამდე რუსთავის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი 2013 წელს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა, რომლის უფროსადაც 2014 წელს იოსებ გოგაშვილი დაინიშნა. ჰყვება, რომ სწორედ გოგაშვილის ბრძანებით ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს როგორც ამ, ისე მომავალი სამსახურებიდანაც, მათ შორის სამხედრო და ფინანსური პოლიციიდან. რის შემდეგაც მათ გოგაშვილთან შეხვედრა განიზრახეს. ამის შემდეგ კი საქმეში კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე გამოჩნდა, რასაც ივანიშვილის ძმების გამოჩენაც მოჰყვა.