კალაძე: პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს

619

ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებს, რადგან ამისთვის ძალა არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა შეეხებოდა ნიკა მელიას განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი გაიმარჯვებს და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს. მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორიცელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.