“თუ ნებავს, ძმასთან ერთად მოვიდეს, მარტო ვერ დადის ის ადამიანი” – კონსტანტინე შარაშენიძე ავთანდილ თალაკვაძეს დებატებში ძმასთან ერთად იწვევს

888

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელიც, ამავდროულად, მოქმედი მერია, “ქართული ოცნების” კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე დებატებში გამოიწვია. მან დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და მისი მერობის კანდიდატი ძმა ცდილობენ, გამარჯვებას მოსახლეობაზე ზეწოლითა და დაშინებით მიაღწიონ.

“სამწუხაროა, რომ ძმებზე, რომლებიც ცალ-ცალკე ვერ დადიან, ცუდ კონტექსტში საუბარი მიწევს. მე ვთავაზობ მათ დებატებში მობრძანებას. თუ ნებავს, ძმასთან ერთად მოვიდეს, მარტო ვერ დადის ის ადამიანი, ყოველთვის “აპეკუნად” დაჰყავს თავისი ძმა და მივმართავ მათ, რომ მოვიდნენ დებატებში და ოზურგეთში გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებთან დაკავშირებით, განვლილ ცხოვრებასთან დაკავშირებით ვისაუბროთ” – განაცხადა შარაშენიძემ.

მისი თქმით, თალაკვაძეები მოსახლეობის მოსყიდვითა და დაშინებით ცდილობენ არჩევნების მოგებას. მათ შორის, როგორც შარაშენიძე ამბობს, ზეწოლას ახდენენ სოფლებში მერის წარმომადგენლებზე, რომ მათ ავთანდილ თალაკვაძის სასარგებლოდ იმუშაონ.

“თალაკვაძეების საქციელი მიუღებელია ოზურგეთელებისთვის, “ოცნების” ფორმაში ჩაცმულ არასრულწლოვნებს პროვოკაციისთვის იყენებენ ჩემი საარჩევნო შეხვედრების დროს. ეს არის ყოვლად მიუღებელი. ასევე, არსებობს მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებიც. თუ მაგარი ბიჭები არიან, იმოქმედონ სწორი თამაშის წესებით. მიიღონ ის გამოწვევა, რაც არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მე ვარ ლიდერი ამ არჩევნებში. მაქვს  სერიოზული უპირატესობა, მაგრამ ამის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრონ”, – აცხადებს შარაშენიძე.