სოფელ განთიადში მომხდარი სისხლიანი დაპისპირების დეტალებს “მთავართან” იხსენებს დაჭრილი შოთა სელიმაშვილი. მისი თქმით, მის ადგილას შესაძლოა ნებისმიერი ყოფილიყო.
შოთა სელიმაშვილი “მთავართან” ჰყვება, რომ მათ “ქართული ოცნების” მხარამდაჭერებისთვის არანაირი პროვოცირება არ მოუწყვიათ, თავადაც დაპირისპირებილი მხარეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც დანა სახეზე დაუსვეს.
“როგორც მითხრეს სასწაულებრივად ვარ გადარჩენლი. რაზე დაიწყო [დაპირისპირება] ვერ გეტყვით, კი ვიცი, რომ აგრესიულები იყვნენ ძალიან. მანქანა რომ გავაჩერე, დავინახე ხელჩართული ბრძოლა იყო ძალიან, მანდილოსნებზე მეტწილად, ვაშველებდი, ძირს იყო დავარდნილი ჩვენი ერთი ახლობელი, მის წამოსაყენებლად დავიხარე და მაშინ ჩამარტყეს უკნიდან.
არც მეგონა, რომ დანა იყო, სისხლი რომ წამოვიდა და სითბო ვიგრძენი, გავიქცეი სასწრაფოს ვყვიროდი და მერე მითხრეს, რომ გადაჭრილი ხარ მაგრადო”, – ამბობს დაზარალებული, შოთა სელიმაშვილი.
მისი თქმით, თავდამსხმელი დმანისში სულ მეორედ ნახა და მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” ორი მხარდამჭერი დაჭრეს. შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. ამასთან, „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ დაუთაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.