სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ ნომერზე – 2 51 00 51 შიდა ნომერი 0.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა. სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილები იქნებიან სპეციალური ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვით და უსაფრთხოების სრული გარანტიით. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე: 2 51 00 51 შიდა ნომერი 0 და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ -სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი მერის არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.