დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში – მერის მოადგილემ ენმ-ს წევრს მობილური წაართვა

311

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატს მობილური ტელეფონი წაართვა. შემთხვევა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, მოხდა.

ენმ-ს მერობის კანდიდატის, მიშა ბოლქვაძის განმარტებით, გამგეობაში მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებულებთან ერთად მივიდნენ, რათა მოსახლეობა მერს შეხვედროდა.

მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს იმ დროს წაართვეს, როცა ის Facebook-ზე “ლაივში” იყო. გავრცელებული კადრების მიხედვით, მერის მოადგილე შეხვედრის გადაღებამ გააღიზიანა.

“არ გაქვთ უფლება, რას მიღებ” – ამბობს ვიდეოში კახა ფუტკარაძე.

მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ მათ ტელეფონს ნახევარი საათის განმავლობაში არ უბრუნებდნენ.

კახა ფუტკარაძემ “აჭარის ტელევიზიასთან” ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ გაუგებარია რატომ უნდა გადაიღოს მიშა ბოლქვაძემ მისი და მოსახლეობის შეხვედრა.