“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ ISFED-ის 2021 წლის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 4, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 5, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 1, არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 12, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების – 5 ფაქტი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებიც.
„წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.
საგანგაშო იყო „TV პირველის“ გადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად,“-ნათქვამია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ყურადღება გაამახვილა დედაქალაქსა და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსების საკითხზე.
„17 სექტემბერს ღამის საათებში დედაქალაქსა და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გამოჩნდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები, რომლებზეც მოქმედი პოლიტიკოსებისა და საარჩევნო სუბიექტების გარდა, გამოსახული არიან მედიის წარმომადგენლები. ძალადობრივი შინაარსის ბანერები სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით წარსულში რამდენჯერმე გამოიკრა. საარჩევნო პერიოდში ძალადობის პროპაგანდა აკრძალულია, ასევე, იკრძალება ანონიმური შემოწირულობაც. „სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკოსა და აუდიტის სამსახურს მათი კომპეტენციების ფარგლებში ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა,“- ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საყურადღებო იყო საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესი.
„რიგ უბნებზე ყველა უფლებამოსილმა პარტიამ კომისიებში დასანიშნი წევრების კვოტები ვერ აითვისა, რის გამოც კომისიის წევრთა 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა კონკურსები გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საარჩევნო უბნების შემადგენლობაში დარღვეულია პროპორცია პროფესიულად არჩეულ და პარტიულად დანიშნულ წევრებს შორის; პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები აღემატებიან პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს.
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობა, მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებ. რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი არ იყვნენ ნომინირებულები პოლიტიკური პარტიის მიერ. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას, აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი. გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ.
კვლავ ფიქსირდება პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. მსგავსი ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვეთა.
შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია, რომელიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფიქსირდება და, მათ შორის, საჯარო მოხელეების, საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, ფეისბუქით განხორციელებული აგიტაციის კამპანიას მოიცავს.
ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების მხრივ აღსანიშნავია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, მმართველი პარტიის ირიბი აგიტაცია. მთავარ სიახლეებში გამოტანილ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ იუსტიციის მინისტრი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რასაც თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრი „ქართული ოცნების“ საიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო ნომერი.
დაფიქსირდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის ფაქტები, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებსაც შეიცავდა. 7 სექტემბერს TV პირველის ოპერატორს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას. გავრცელებული კადრებიდან ჩანს ავტომანქანის ნომრებიც. 15 სექტემბერს, მთავარი არხის ოპერატორისა და მისი თანმხლები ჟურნალისტის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისში სიუჟეტის გადაღებისას მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, რომელმაც დაზიანებები მიიღო.
ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო კომისიების, სასამართლოსა და სხვა რელევანტური უწყებების წინაშე 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა.
უფასო იურიდიული დახმარების პროექტის ფარგლებში, იმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც საჯარო სამსახურებიდან, სახელმწიფო ან მუნიციპალური სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან, საჯარო სკოლებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, ორგანიზაციამ 19 სარჩელი წარადგინა სასამართლოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,“- ნათქვამია კვლევაში.