თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიანი აჭარისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება

469

მაღალმთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად მან ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მაღალმთიან აჭარაში უკვე წლებია ელიან ხულო-ზარზმის პროექტის განხორციელებას.

„მაღალმთიანი აჭარა, აქ მცხოვრებლები უკვე წლებია ელიან ამ პროექტის განხორციელებას, მის დასრულებას და დარწმუნებული ვარ, დათქმულ ვადებში შევძლებთ ამ პროექტის დასრულებას, რომელიც მაღალმთიანი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთისთვის განვითარების ახალი ეტაპი იქნება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზაზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნის ორ რეგიონს – სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილსა და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.