პარტია „ლელო საქართველოსთვის“ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ “მიუტევებელი თავშეუკავებლობა გამოიჩინა”.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ზოგადად, დებატები არც ისე კარგი ფორმატის იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა კანდიდატის ერთობლივად ჩართვა დებატებში არა ეფექრტურია.
„ჯერ ერთი, შეუძლებელია ყველა კანდიდატმა თავისი უნარები და შესაძლებლობები გამოაჩინოს ისეთ მასშტაბურ დებატებში, როდესაც 16 კანდიდატია. მეორე – ჩემი აზრით, იქ კარგად წარმოჩინდა „ლელოს“ წარმომადგენელი, რომელიც სწორედ ფოკუსირებული იყო იმ საქმეებზე, რომლის გაკეთებასაც აპირებს „ლელო“ და მისი მერობის კანდიდატი. რაც შეეხება მოქმედ მერს, ჩემი აზრით, მან გამოიჩინა მიუტევებელი თავშეუკავებლობა იმ კრიტიკული შენიშვნის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა წარმოადგინა. მთლიანობაში, უნდა გითხრათ, რომ ეს ფორმატი არ არის ეფექტური, გაცილებით უკეთესი ფორმატი იქნებოდა, როდესაც უფრო შეზღუდული რაოდენობის კანდიდატები იღებენ მონაწილეობას“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
გუშინ, 21 სექტემბერს, ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში ქილით უფასო სასადილოს საკვები მიუტანა, კალაძემ კი ქილას თითი ჰკრა და ტრიბუნიდან გადააგდო.