“ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში ქილით უფასო სასადილოს საკვები მიუტანა, კალაძემ კი ქილას თითი ჰკრა ტრიბუნიდან გადააგდო.
“ჩემი მეგობარი სარგებლობს სოციალური უფასო სასადილოთი და დღეს სპეციალურად გამომატანა ეს თქვენთან, ბატონო კახი, იმიტომ, რომ ეს არის ის კვებითი რაციონი, რასაც სამწუხაროდ, 4 წლის განმავლობაში აჭმევთ ამ ადამიანებს. ამას თქვენ დაგიტოვებთ”, — განაცხადა ქუმსიშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და ამ პროდუქტების კალორაჟი შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ არის დათვლილი.
“პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ჩვეულებრივი მატყუარა არის, ეს პარტიის სახეა ჩვეულებრივად. კალორაჟი რაც არის ამ პროდუქტებისთვის, ყველაფერი დათვლილია შესაბამისი დარგის სპეციალისტების მხრიდან. ცხადია, მეტი შესაძლებლობა რომ იყოს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია და ამას ვამბობ, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თუ რა გაკეთდება ყველა მიმართულებით, არამხოლოდ ამ მიმართულებით, ყველა მიმართულებით, ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას”, — თქვა კალაძემ.
ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა კალაძეს ჰკითხა, ოდესმე უჭამია თუ არა უფასო სასადილოს საკვები.