„ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ დმანისში ორი ადამიანის დაჭრასთან დაკავშირებით მის პარტიაში გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.
„გამოძიების მიმართ ნდობა დაკარგულია, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის ძმა კახა მურადაშვილი არის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც დმანისში იმყოფება და ხალხს აშინებს. მან რა უნდა გამოიძიოს? მე ვფიქრობ, რომ თვალის ასახვევად ვიღაცებს დააკავებენ, მაგრამ ამ ზონდერბრიგადის ლიდერებს არ შეეხებიან“, – აცხადებს ტატუაშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. ამასთან, „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ დაუთაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.