თუკი ორი ოქტომბრის არჩევნებზე ხალხი ნდობას გაერთიანებული ბათუმში ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადებს, მერიაში საკადრო პოლიტიკა უცვლელი დარჩება. გიორგი კირთაძე, პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, უწყებაში დასაქმებულები სამსახურებს არ დაკარგავენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თანამშრომლების კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება. გვიმტკიცებს, რომ ის, ვინც შეცდომას უშვებს, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
კადრების ოპტიმიზაციას არც ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გეგმავს. გია ხალვაშს საკადრო პოლიტიკის ოდნავ განსხვავებული ხედვა აქვს. კომპეტენციებს გადახედავს და უწყების თანამშრომლებს, სხვადასხვა პოზიციაზე შესაძლებლობების მიხედვით გადაანაწილებს.
განსხვავებული პოზიცია აქვს ბათუმის მერობის კანდიდატს „გირჩი მეტი თავისუფლებიდან“. გიორგი ფუტკარაძე გამარჯვების შემთხვევაში, მერიის სამსახურების დიდი ნაწილის შემცირებას გეგმავს. გია ხალვაშის მსგავსად, გადახედავს დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაების ხარისხსაც. კანდიდატი მიიჩნევს, რომ მუშაობის ეს მოდელი ქალაქს ბევრ სიკეთეს მოუტანს.
მმართველი გუნდის პოზიცია არც დღეს გვაქვს. იმის გამო, რომ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს მედიასთან კომუნიკაცია დიდად არ იზიდავს, მისი კომენტარის ჩაწერა ვერც დღეს მოვახერხეთ. შესაბამისად გაურკვეველია, რა ბედი ელით მერიის თანამშრომლებს არჩილ ჩიქოვანის გამარჯვების შემთხვევაში.