ცესკოს თავმჯდომარე: ბანერების შინაარსობრივ ნაწილზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გავაკეთებ განცხადებას

275

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით, ცესკო მოკვლევის შედეგებს უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

კალანდარიშვილი ბანერების შინაარსის შეფასებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ საკუთარ პოზიციას მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ დააფიქსირებს.

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ “სამართლიანმა არჩევნებმა” კიდევ ორმა სარჩევნო სუბიექტმა მოგვმართა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაძლო წარმოების განხორციელების თაობაზე. რა თქმა უნდა, დავიწყეთ უკვე ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ შესაბამის ფაქტებს და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დავასრულოთ ეს წარმოება, გამოვავლინოთ კონკრეტული შემთხვევა – რასთან გვაქვს საქმე, რის თაობაზეც უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.

ბანერების შინაარსობრივ ნაწილზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გავაკეთებ განცხადებას”,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში და რამდენიმე ქალაქში გამოაკრეს ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, აღნიშნული პლაკატები ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის ბანერებს გადააკრეს.