კახა კალაძე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებს შეხვდა

929

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) წარმომადგენლებს შეხვდა.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა GWP-ის სამომავლო გეგმებსა და პრობლემების გადაჭრის გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც GWP-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში კომპანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად 200 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

“თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯება ქსელის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს კარგი პრაქტიკა როცა ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება, ჩვენ ვახორციელებთ ქსელის განახლებას. ამის კარგი მაგალითია პეკინის გამზირის პროექტი, სადაც წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით განახორციელა”, – განაცხადა გიორგი ცხადაძემ.

რაც შეეხება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმართ მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს, გიორგი ცხადაძის განმარტებით, კომპანია ცდილობს, თანამედროვე გამოცდილების საშუალებით სისტემების სწორი და გამართული რეაბილიტაცია უმოკლეს ვადაში განხორციელდეს.

როგორც კახა კალაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიის მიმართ მას ჰქონდა თხოვნა, რომ დაზიანების შესახებ ზარებზე რეაგირება დროულად განხორციელდეს.

“მოვისმინეთ კომპანიის საინვესტიციო გეგმები და მივესალმებით ამას, რადგან ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შემიძლია კონკრეტული რაიონები ჩამოვთვალო, სადაც მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, მათ შორის სამგორის, ისნის რაიონებში. კომპანიას დაგეგმილი აქვს მომდევნო 3 წლის განმავლობაში 200 მილიონი ლარის დახარჯვა, რაც მისასალმებელია – შეამსუბუქებს და მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს არის აქტუალური.
ჩვენი თხოვნა იყო, როდესაც შედის ზარი დაზიანებებთან დაკავშირებით, რეაგირება იყოს ძალიან სწრაფად და ამაზე ჩვენ მივიღეთ დადებითი პასუხი.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი კეთილმოწყობითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ამიტომ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ჩვენი მუშაობა და ისე არ უნდა მოხდეს, რომ ჯერ გზის საფარი დაეგოს და შემდეგ დღეებში წყალგაყვანილობითი სამუშაოების გამო გადათხრა განხორციელდეს. ამ ყველაფერზე მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი