გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რადიო ჰერეთთან ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ფაქტი ხელისუფლების წაქეზებით და მხარდაჭერით განხორციელდა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
საკრებულოს წევრი ევა ლომთაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველი მათთან კომუნიკაციისას დიდ სიფრთხილეს იჩენს. ლომთაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ხმამაღლა გამოხატვის ეშინია.
„თვალებით გვანიშნებენ, რომ ზოგიერთი მეზობელიც კი სახიფათოა. ამის გამო უნდა ითქვას, რომ პარტიას, კამპანიის სრულყოფილი განხორციელების საშუალება არ ეძლევა. ჩვენი საარჩევნო შტაბი ითვალისწინებს ხალხის განწყობას და კამპანიის ამსახველი კადრების ვირტუალურ ქსელში ჩაშვებისას ამომრჩეველთა იდენთიფიცირებას აღარ ახდენს, – ამბობს ლომთაძე.
“ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ლიდერი გიორგი ენუქიძე ჰერეთთან აცხადებს, რომ მათი პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატების მისამართით ზეწოლის ფაქტები განხორციელდა. „უთხრეს, რომ რაში სჭირდებოდათ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობა. ჯობდა, რომ მოეხსნათ კანდიდატურა. მიუხედავად ამისა, კანდიდატებმა სიმტკიცე გამოიჩინეს და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტეს.“ – ყვება ენუქიძე.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კანდიდატურა, ოპოზიციური პარტიის არაერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიხსნა. საკუთარი განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის პოსტის დაკავების შესაძლებლობაზე უარი თქვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელსაც სრულიად ოპოზიციური ნაწილი უჭერდა მხარს.
ამ ეტაპისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე 2 კანდიდატი იბრძვის: ქართული ოცნების კანდიდატი: ლაგოდეხის მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი და პარტია სტრატეგია-აღმაშენებლის მიერ წარდგენილი მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი მალხაზ ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნოზაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.