არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიცია ხულოში ხელისუფლებისა და სახელისუფლებო პარტიების მხრიდან მათი კანდიდატების დაშინებაზე, ძალადობასა და შანტაჟზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს ორგანზაციისა და საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, რომელიც ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრიცაა, აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რთულ წინასაარჩევნო ფონს, წაგების შიშით ქმნის. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პარტიის ინფორმაციით, დაშინებისა და ზეწოლის ობიექტი რამდენიმე დღის წინ დიოკნისი – რიყეთის მაჟორიტარი კანდიდატი გახდა. თავად რამაზ შავაძე აცხადებს, რომ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ზეწოლა არა მხოლოდ მაჟორიტარებზე, არამედ მათ მხადამჭერებსა და სახელმწიფო შემწეობაზე მყოფ ოჯახებზეც ხორციელდება.
ამავე თემში რამდენიმე დღის წინ საკუთარი კანდიდატურა გახარიას პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმაც მოხსნა. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დაშინებასა და შანტაჟზე „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებიც საუბრობენ. ხულოს მერობს კანდიდატი აცხადებს, რომ ზეწოლამ მუნიციპალიტეტში მასშტაბური სახე მიიღო.
იყო თუ არა ზეწოლა კანდიდატურის მოხსნის მთავარი მიზეზი? საკითხზე გახარიას პარტიის ყოფილ მაჟორიტარ კანდიდატს დავუკავშირდით. ილია კოჩალიძემ სატელევიზო ინტერვიუს ჩაწერაზე უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ტერორს – სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ დაშინება არ ყოფილა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პარლამენის წევრი, რომელიც ხულოში საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს.
თვითმართველობის არჩევნები ორ ოქტომბერს ჩატარდება. ხულოში რვა სამაჟორიტარო ოლქია, შესაბამისად ამომრჩეველი აქ, რვა მაჟორიტარს აირჩევს.