ქობულეთში, მერიის შენობასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეიქმნას ქობულეთის განვითარების მუნიციპალური ფონდი, სადაც დაზარალებულების მდგომარეობას ინდივიდუალურად განიხილავენ და შემდეგ მიიღებენ გადაწვეტილებას. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამბობენ, რომ პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. მოსახლეობას არ აქვს ფინანსური რესურსი, სეზონური სესხების დაფარვის, რის გამოც პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა მერიის შენობიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობა გამართეს, ისინი მერობის კანდიდატ ლევან ზოიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე მცირედი სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.
“ვითხოვთ შეხვედრას და აუდიენციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავინაცვლებთ მთვრობის შენობასთან”- განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
მოგვიანებით, საოჯახო სასტუმროების მფლობელები საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ზაალ მიქელაძეს და ქობულეთის მერის მოადგილე დათო ზოიძეს შეხვდნენ. აქციის მონაწილეებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამბობენ, რომ კვლავ მხოლოდ დაპირებები მოისმინეს.
აქციის მონაწილეებმა 500 ხელმოწერით, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და სახალხო დამცველის სახელზე ოფიციალური წერილიც გაგზავნეს.